logo
ENG



ოპერაცია "ივანიშვილი" - შაბათის ფორმულამ ივანიშვილის პიარსტრატეგია და დოკუმენტაცია მოიპოვა

24 სექ 202220:40
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ მოიპოვა ფარული ჩანაწერები და დოკუმენტები, საიდანაც დგინდება, რომ იმიჯი, რომლითაც ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებაში პირველად გამოჩნდა, სინამდვილეში მხოლოდ მისი საყვარელი "ტრიუკების" ნაწილია. შაბათის ფორმულა ასაჯაროებს საიდუმლო მასალების მხოლოდ ნაწილს, იმის შესახებ, როგორ უნდა შეეფუთათ 2012 წლის არჩევნების წინ, რუსი ოლიგარქი ისე, რომ საქართველოს მოქალაქეებს მის პროდასავლურობაში ეჭვი არ შეპარვოდათ.  

ჩანაწერებში კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი, რუსეთისთვის ე.წ. VIP პერსონაა და მას განსაკუთრებული წესებით ემსახურებიან.

ოპერაცია კოდური სახელწოდებით "ივანიშვილი" - ასე დაარქვეს რუსმა დიპლომატებმა ქართული ოცნების დამფუძნებლისთვის რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების პროცესს. თბილისი-მოსკოვი, მოსკოვი-თბილისის სატელეფონო ზარების ჩანაწერები შაბათის ფორმულას კონფიდენციალურმა წყარომ მოაწოდა. აუდიო ფაილებიდან და მისი მთავარი ფიგურანტებიდან, რომელთა ნაწილი რუსი დიპლომატია, ვიგებთ, რომ 2011 წელს, რუსეთის მოქალაქე ივანიშვილს, რომელმაც ამ სტატუსზე უარი პოლიტიკური გეგმების გამო თქვა, პირადად ეხმარებოდნენ და პროცედურულ სირთულეებს მარტივად - ბიუროკრატიის გვერდის ავლით უგვარებდნენ. ზარები საქართველოდან პირდაპირ მოსკოვში ოფიციალურ უწყებებში ხორციელდებოდა, მათ შორის არასამუშაო საათებშიც კი.

ბიძინა ივანიშვილს რუსეთის მოქალაქეობა ოფიციალურად 2011 წლის დეკემბერში გაუუქმეს. ეს უკვე ის პერიოდია, როცა ბიზნესმენს პოლიტიკურ გეგმებთან დაკავშირებით განაცხადი გაკეთებული აქვს და რუსული კავშირების და ინტერესების შესახებ შეკითხვებიც აქტუალურია. თუმცა, საჯაროდ ივანიშვილი ამტკიცებდა, რომ რუსეთთან არაფერი აკავშირებს და წლებია იქ არც კი ყოფილა.

წყაროს მიერ, შაბათის ფორმულასთვის მოწოდებული 2011-2012 წლების მოვლენების ამსახველი არქივი მოცულობითია. რუსეთის მოქალაქეობის გაუქმების და სხვა ფორმალური თუ არაფორმალური პროცედურების პარალელურად, მილიარდერის გარემოცვა, მის იმიჯზე სხვადასხვა ფლანგზე ზრუნავდა. მაგალითად, 2012 წელს ჩაამატეს ქართული ენციკლოპედიის ცნობარში ივანიშვილი, როგორც ქველმოქმედი ბიზნესმენი და ეკონომიკის საპატიო დოქტორი. ამ საკითხს ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი, მოგვიანებით კი რუსეთთან მთავარ მომლაპარაკებლად დანიშნული ზურაბ აბაშიძე, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანაშემწესთან და მოქმედ პრემიერთან პირადად აგვარებდა.

შაბათის ფორმულას მოპოვებულ მასალებში ათობით ფაილს ითვლის - ახლად დაფუძნებული ქართული ოცნების პიარსტრატეგია და პარტიული სახელმძღვანელო გეგმები. 

  • საზოგადოებაში უნდა შექმნილიყო განწყობა, რომ ივანიშვილს ზურგი ჰყავდა ამერიკის მმართველ რგოლში და მისი უსაფრთხოებით და ხელშეუხებლობით, პირადად პრეზიდენტი ბარაკ ობამა იყო დაინტერესებული. მითის სისრულეში მოსაყვანად, ორი ამერიკელი მცველი ერთ-ერთი ამერიკული კერძო კომპანიიდან ჩამოიყვანეს. აუცილებელი მოთხოვნა იყო, რომ მათ  ოფიციალურ უწყებებში მუშაობის გამოცდილება უნდა ჰქონოდათ. როგორც ირკვევა, ამ კომპანიის მოძიება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ალასანიას დაევალა.
  • საზოგადოების ნდობის მოპოვების და ბიძინა ივანიშვილის ხელშეუხებლობის ერთ-ერთი გზა ევროპასა და ამერიკაზე რომ უნდა გასულიყო, ეს ცხადი ხდება არაერთი პარტიული დოკუმენტიდან. მილიონები დახარჯა ამერიკული ლობისტური კომპანიებისა და პიარ კონსულტანტების მომსახურებაში. საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაცია და ლაპარაკი ირაკლი ალასანიას და თინა ხიდაშელს ებარა.

ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პარტიის გეგმის ნაწილი იყო, 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელებული ინფორმაცია პარტიის დამფუძნებლის ლიკვიდაციის საფრთხის შესახებ. პარტიულ დოკუმენტებში წერია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელების მიზანი ერთი მხრივ პოტენციური რისკების დაზღვევა, მეორე მხრივ კი ბიძინა ივანიშვილისგან თავგანწირული ლიდერის იმიჯის შექმნა იყო.

რუსული კავშირების მქონე მილიარდერი ბიზნესმენის ოპოზიციონერ ლიდერად ქცევის პროცესი და შიდა პარტიული სახელმძღვანელოები, ფორმულასთვის გადმოცემული მასალების მხოლოდ ნაწილია. აუდიო და დოკუმენტურ ფაილებს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას 2012 წლის წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მობილიზაციის სტრატეგიის და გეგმების, მათ შორის ამ პროცესში კრიმინალური ავტორიტეტების აქტიურ მონაწილეობის შესახებ, შაბათის ფორმულა ეტაპობრივად შიფრავს.  


close დახურვა